About

President Mikheil Saakashvili

რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომავლობას მამის მხრიდან, უნდა აღინიშნოს შემდეგი. გვარ სააკაშვილის დაკავშირება სომხურ ეთნოსთან გახლავთ მცდარი და მეტყველევს ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელთა აბსოლუტურ დილეტანტიზმზე. მოგეხსენებათ, რომ საკუთარი სახელი “ისააკი” ბიბლიური წარმოშობისაა. ეს საკუთარი სახელი ფიგურირებს არაერთი ერის გვარებში. ქართული გვარებიდან შეიძლება დავასახელოთ სააკაშვილი, სააკაძე, ისაკაძე და ა.შ. გვარი სააკაშვილი არის ქართლური წარმოშობის. ბ-ნ მიხეილის წინაპრები იყვნენ ცხვილოსიდან. ისინი გახლდათ ამილახვრების ყმები და საამილახვროს სხვა გლეხებთან შედარებით პრივილეგიებით სარგებლობდნენ: მათ ევალებოდათ მოლაშქრეობა. ისტორიულ წერილობით წყაროებში ისინი მოიხსენიებიან 1660-იანი წლებიდან (იხ.: პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. IV, ტომი შეადგინეს მზია სურგულაძემ და დარეჯან კლდიაშვილმა, გამ-ბა “არტანუჯი”, თბილისი, 2007, გვ. 89). მოგვიანებით, ამ შტოს წარმომადგენელთა ნაწილი დასახლდა გორში.

ბ-ნ მიხეილის წინაპრები იყვნენ კათოლიკეები. მაგალითად, მე-19 საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე იყო ცნობილი კათოლიკე პატრი, ბ-ნ მიხეილის ბაბუის და მოსახელის, – პროფესორ მიხეილ სააკაშვილის ღვიძლი ბიძა, დონ დამიანე სააკაშვილი (1865-1940). იგი დაიბადა 1865 წლის 21 ივნისს ქუთაისში, ქართველი კათოლიკეების იაკობ სააკაშვილის და მაგდალინა ლაჩინაშვილის ოჯახში. ისინი 1860-იანი წლების დამდეგს გორიდან ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქუთაისის კათოლიკური დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ დამიანე შევიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1883 წელს. უმაღლესი სასულიერო განათლება მიიღო რომში, საიდანაც დაბრუნდა 1891 წელს. მღვდლად კურთხევის შემდეგ, 1892-1903 წლებში მსახურობდა ტირასპოლის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოში. 1893-1894 წლებში მისი ხელმძღვანელობით აიგო კათოლიკური ეკლესიები პერეკოპსა და ბერდიანსკში. მის სახელს უკავშირდება 1903 წელს ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დაარსება. სწორედ 1903 წელს დონ დამიანემ, როგორც მდივანმა, საქართველოში მოგზაურობისას მეგზურობა გაუწია კათოლიკური სამყაროს გამოჩენილ ბალტიისპირელ მოღვაწეს და ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს, ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსს, ბარონ დე როპპს. ეს მოგზაურომა თავის წერილში აღწერა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ ზაქარია ჭიჭინაძემ, რომელიც იკვლევდა კათოლიკობის ისტორიას საქართველოში (იხ.: ზაქარია ჭიჭინაძე. კათოლიკეთა ეპისკოპოსის მობრძანება საქართველოში, ტფილისი, 1903). ბათუმში მოღვაწეობდა დონ დამიანე 1905 წლამდე. ამის შემდეგ, 1905-1939 წლებში, დონ დამიანე იყო ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის წინამძღვარი. 1930-იანი წლების დამდეგიდან მას აქტიურად დევნიდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომელმაც 1939 წელს დახურა ქუთაისის კათოლიკური მონასტერი. მიუხედავად ამისა, დონ დამიანემ არ მიატოვა გაუქმებული მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე, 1940 წლის 23 აპრილამდე, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მის დარაჯად მუშაობდა. დაკრძალულია იქვე, მონასტრის ულამაზეს ბაღში, რომელიც მის მიერ არის გაშენებული. აღსანიშნავია, რომ დონ დამიანე იყო პოლიგლოტი: იგი ქართულივით ფლობდა იტალიურ, ფრანგულ, პოლონურ, ლათინურ, რუსულ ენებს. ზ. ჭიჭინაძე მიუთითებდა, რომ იგი თავისუფლად ქადაგებდა იტალიურ და პოლონურ ენებზე. “… ქვეყანას მორწმუნე ადამიანი უნდა მართავდესო, გვითხრა ერთხელ ქუთაისის კათოლიკეთა ტაძარში პატრმა დონ დამიანე სააკაშვილმა”-ო, აღნიშნავს თავის ჩანაწერებში ლადო ასათიანი (იხ.: http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/lado_asatiani/cerilebi/chanatserebi.pdf ). ჩვენი სახელოვანი თანამემამულის მოღვაწეობას სტატია მიუძღვნა ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფ. მურმან პაპაშვილმა (იხ.: მურმან პაპაშვილი. დონ დამიანე სააკაშვილი, გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 2005 წლის 29 მარტის ნომერი).

სააკაშვილების ამ შტოს თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მე-19 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ასევე ქუთაისში მოღვაწე პეტრე სააკაშვილი, რომელიც ეწეოდა ნაყოფიერ საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას. იგი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ცნობილი მეცნიერი იყო პრეზიდენტის ბაბუა, პროფესორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, გახლდათ დონ დამიანეს ძმის, -ნიკოლოზის, შვილი. მ. სააკაშვილი წლების მანძილზე სათავეში ედგა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტს (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). ცნობილი მედიკოსია პრეზიდენტის მამა, – მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ (ნიკა) სააკაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს.

უაღრესად საყურადღებოა და ისტორიული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის დედის, ცნობილი ისტორიკოსის, თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ გიული ალასანიას (დ. 1946 წ.) გენეალოგია. კერძოდ, იმერეთის სამეფო (ტახტის) აზნაურთა, – მოძღვრიშვილ-წერეთლების ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელია ქ-ნ გიულის დედა, – ცნობილი მედიკოსი, მედიცინის დოქტორი მზია წერეთელი.

მოძღვრიშვილ-წერეთლების საგვარეულოს ფუძემდებელი იყო სამეფო აზნაური სვიმონ წერეთელი (დაახლ. 1720-1787), – არქიმანდრიტი, იმერთა მეფეების ალექსანდრე V-ის, სოლომონ I-ის და დავით II-ის კარის მოძღვარი, სამეფო კარის მდივანი, იმერეთის უკანასკნელი მეფის, – სოლომონ II-ის აღმზრდელი. სვიმონის მეუღლე გახლდათ ჭალელი (ამჟამად საჩხერის რ-ნის ტერიტორია) თავადის ავთანდილ აბაშიძის ასული (იხ.: ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა (1466-1770 წწ.), წ. I, შ. ბურჯანაძის გამოცემა, თბილისი, 1958, გვ. 80, 98, 133-134; ს. კაკაბაძე. იმერეთის საბუთები თარხნობის შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 5, თბილისი, 1950, გვ. 171; დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ. II, ბატონყმური ურთიერთობა (XV-XIX სს.), ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1953, გვ. 281-282). ჯერ კიდევ 1747 წელს, ერთგული სამსახურისთვის, ალექსანდრე მეხუთემ სვიმონს უბოძა ავთანდილის მამული და ყმა-გლეხები. 1740-იანი წლების დამდეგს სვიმონს აბაშიძის ქალისგან შეეძინა ვაჟი, – გრიგოლი (გარდაიცვალა 1810-იანი წლების დამდეგს).

1772 წელს სოლომონ პირველმა სვიმონ და გრიგოლ წერეთლებს უბოძა დიდძალი მამული და ყმა-გლეხები ზემო იმერეთის სოფლებში ცხრუკვეთში, სვერში, ჭილვანსა და წინსოფელში (ამჟამად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). აღსანიშნავია, რომ მოძღვრიშვილ-წერეთლების ყმა-გლეხები იყვნენ: გველესიანები, ცუცქირიძეები, ყვიბრაძეები, კაპანაძეები, ტყემალაძეები, ნადირაძეები, მაჭარაშვილები, კუპატაძეები და სხვა.

გრიგოლ მოძღვრიშვილ-წერეთელს ჰყავდა ვაჟი, – ნიკოლოზი, რომელსაც ცოლად ჰყავდა იმერთა მეფის დავით II-ის (მეფობდა 1784-1790 წლებში) უკანონო შვილი, – ატატო ბატონიშვილი. ატატო მოხსენიებულია თავისი ძმის, – კონსტანტინე ბატონიშვილის 1805 წლის შეწირულობის წიგნში (იხ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, H კოლექცია, ტ. IV, გვ. 130). ნიკოლოზს და ატატოს ეყოლათ 5 შვილი, მათ შორის 3 ვაჟი, – ნიკოლოზი, დავითი და ივანე. მათგან უფროსი, – ნიკოლოზ წერეთელი გახლდათ ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის უშუალო წინაპარი. მას ჰყავდა 6 შვილი, მათ შორის ორი ვაჟი, – იოსები და სოლომონი.

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე გახლდათ იმერეთის ეპარქიალური საბჭოს მდივანი, არქიმანდრიტი იოსებ წერეთელი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ იგი იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე, მოძრაობისა, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს. ამ საქმეში იოსები იყო გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის (ქიქოძე), 1917-1918 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონის (საძაგლიშვილი), 1921-1927 წლებში ასევე ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლის, უწმიდესის და უნეტარესის ამბროსის (ხელაია) და სხვა დიდ სასულიერო მოღვაწეთა ერთგული თანამებრძოლი. 1917 წელს იოსები ესწრებოდა იმ ისტორიულ საეკლესიო კრებას, რომელზეც გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა და რომელმაც მოახდინა კათოლიკოს-პატრიარქად კირიონის აღსაყდრება. ერთხანს იგი იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრი.

არქიმანდრიტ იოსების მეუღლე იმერეთის ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მათ ეყოლათ 8 შვილი, მათ შორის 4 ვაჟი. აღსანიშნავია, რომ იოსების ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ გამოჩენილი ეროვნული მოღვაწე, ექიმი და პუბლიცისტი, 1917-1919 წლებში “საქართველოს ეროვნული საბჭოს”, ხოლო 1919-1921 წლებში “საქართველოს დამფუძნებელი კრების” წევრი ვასილ გიორგის ძე წერეთელი (1862-1937) და მისი უმცროსი ძმა, – დიდი მეცნიერი და ეროვნული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1921 წლიდან ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, სხვადასხვა დროს თბილისის, ბრიუსელის და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965).

გამოჩენილი მეცნიერი-ისტორიკოსი და ეროვნული მოღვაწე იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ალექსანდრე (ალიოშა) იოსების ძე წერეთელი (1889-1965). საკმარისია აღინიშნოს, რომ 1917-1919 წლებში იგი იყო “საქართველოს ეროვნული საბჭოს” წევრი, ხოლო 1919-1921 წლებში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე. 1917-1918 წლებში იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, 1918 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორი. პროფ. ალ. წერეთელი გახლდათ საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი: 1936-1955 წლებში იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ისტორიის პროფესორი. განისვენებს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ცნობილი მეცნიერი (იურისტი) და პედაგოგი იყო ალექსანდრე წერეთლის უმცროსი ძმა, – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ (ნიკუშა) იოსების ძე წერეთელი (1905-1985). იგი გახლდათ ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის ბებიის, – ქ-ნ მზია წერეთლის (დ. 1926 წ.) მამა. ქ-ნ მზიას დედა, ცნობილი მედიკოსი, ქ-ნი თამარ აბაშიძე (გარდაიცვალა 1990-იან წლებში) იყო ცნობილი მრეწველის და ქველმოქმედის, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს წევრის, ჯიბო აბაშიძის ასული. აღსანიშნავია, რომ ბოლშევიკების მიერ რეპრესირებულნი იყვნენ როგორც ნიკოლოზ წერეთელი, ისე ჯიბო აბაშიძე. მათ მრავალი წელი გაატარეს გადასახლებაში.

12 Responses to About

  1. zura(france) ამბობს:

    ra sisulelea, ra tqma unda am dezinpormacias intriganebis didi banda avrcelebs shesabamisi mizezebis gamo romelic tavistavad gaumatlebelia kvela apektshi, saertod amaze saubari rom aris es ukve zalian cudia, aseti upaso chorebit mxolod ganuvitarebel erebs ergebat zoma conashi, samcuxarod qartveli ganuvitarebeli eria masiurad da aset chorebs advilad ijerebs

    • Dr. Levan Z. Urushadze ამბობს:

      ბატონო ზურაბ, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით (დეზინფორმაციები ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის წარმომავლობასთან დაკავშირებით) გახლავთ ამაზრზენი!.. ამან გვაიძულა ამ ბლოგის შექმნა.

    • Dr. Levan Z. Urushadze ამბობს:

      ბატონო ზურაბ, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით (ურცხვი დეზინფორმაციები ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის წარმომავლობასთან დაკავშირებით და მისი ოჯახის წევრთა შესახებ) საქართველოში არსებული ვითარება გახლავთ ამაზრზენი!.. სწორედ ამ გარემოებამ გვაიძულა წინამდებარე ბლოგის შექმნა.

  2. დავით ივერიელი ამბობს:

    პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს თავისი სახელოვანი წინაპრების კონფესიას, ანუ კათოლიკობას, აი ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა! 🙂

  3. soxo ამბობს:

    კი, მაგრამ მამამისი ამბობს სომეხი ვარო.

  4. gulo ამბობს:

    batonebo miuxedavad yvelafrisa,prezidents saqartvelo uyvars misi interesebistvis ibrdzvis ,amitom piradad me naklebad mainteresebs misi warmomavloba,magram misasalmebelia rom is sisxlit da xorcit namdvili qartvelia,,,,,,

    • Dr. Levan Z. Urushadze ამბობს:

      gulo, გაიხარეთ! ჩემთვის ცოტა გაუგებარია ერთი ფრაზა თქვენი კომენტარისა: “მიუხედავად ყველაფრისა”… ვფიქრობ, ის სრულებით ზედმეტია, ვინაიდან, ჩემი ღრმა რწმენით, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს ჭეშმარიტად უყვარს სამშობლო და მან ძალზე ბევრი რამ გააკეთა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, განმტკიცება-განვითარებისთვის!..

  5. რაღა დარჩა ..? ამბობს:

    “ნამდვილმა სომეხმა” სააკაშვილმა დააპატიმრა სეპარატისტი ჩახალიანი და “ნამდვილმა ქართველმა” ივანაშვილმა – გაათავისუფლა. მაშ, გაუმარჯოს “სომეხ” მიშას და ძირს “ქართველი” ივანაშვილი!

  6. zara ამბობს:

    Me ki vitkodi, calian kargia , rom gamokveknda misi genealögiis shesaxeb, magram saidanac ar modiodes aseti prezidenti saqartvelos erti 100 celi ar daesizmreba !

დატოვე კომენტარი